Tuesday, December 3, 2019

რჩევა გარე დაკვირვების გასავლელ/მსურველ პედაგოგებს

1) ჩაატარეთ ცოცხალი, ერთი ჩვეულებრივი მუშა გაკვეთილი.
2) თემა და მიზანი გამოკვეთეთ. მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.
3) აქტივობები დაგეგმეთ მიზნის შესაბამისად. აქტივობებსაც რომ თავისი მიზანი უნდა, ეს არ დაგავიწყდეთ

4) შეფასებები უნდა იყოს მიზნის შესაბამისად. გამოიყენეთ ზოგადი და ჰოლისტური შეფასებაც. ( ეს ახალი არ არის რა თქმაუნდა.) რუბრიკები უნდა იცოდეს მოსწავლეებმა.
5) თუ მოსწავლეთა რაოდენობამ მოგცათ საშუალება, კლასის ორგანიზების ყველა ფორმა გამოიყენეთ. (ჯგუფები შეიძლება გააკეთოთ შერეულიც და შეიძლება ძლიერები ერთად დასვათ და სუსტები ერთად )
6) სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართეთ ყველა მოსწავლე. (აღარაფერს ვამბობ სსსმმ-ზე), ეს ისედაც გეცოდინებათ.
7) თუ ბავშვი მცდარ აზრს დააფიქსირებს, ამით ქვეყანა არ იქცევა , შეეცადეთ ამ შემთხვევაში ბავშვი არ დათრგუოთ, სხვა ბავშვებს შეასწორებინეთ და მიიყვანე სწორ პასუხამდე.

8) არ გამოგეპაროთ დროის კონტროლი (მაგრამ ძაან შესამჩნევად ნუ გააკეთებთ ). ყოველი შემთხვევისთვის ერთი სათადარიგო აქტივობაც შემოინახეთ, თუ დრო მოგრჩათ. იმ შემთხვევისთვის. ან ერთი ისეთიც გქონდეთ, თუ დროში ვეღარ ეტევით, რომ შეელიოთ.
9) ძაან ბევრი აქტივობაც არ გამოიყენოთ, გადარბენა რომ არ გამოგივიდეთ

10) ბავშვებს მიაწოდეთ ეფექტური უკუკავშირი

Thursday, September 12, 2019

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ორი ახალი წიგნი შეემატა

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული  ცენტრის  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამამ, მასწავლებლის ბიბლიოთკა  ორი ახალი წიგნით გაამდიდრა.
წიგნის “საკლასო ოთახი,”ავტორები განიხილავენ საკლასო ოთახის სხვადასხვა ასპექტს, რადგან ამ მრავალფეროვან და განსხვავებულ სივრცეს რეალურად არ გააჩნია საზღვრები. საკლასო ოთახი – განათლების, მოსწავლეთა უფლებების, თავისუფლების, ცოდნისა და უნარების რე­ალიზების საუკეთესო საშუალებაა.
ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მაგალითებს, როგორ გახადეს ეს სივრცე მოქნილი, პო­ზიტიური და დადებითი ემოციების მომცემი. სადაც მოსწავლეებს დაძლევინეს არასასურველი ქცევა, დაბნეულობა და შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეები გახდნენ აკადემი­ურად წარმატებულები. ავტორები გვისაბუთებენ, რომ საკლასო ოთახში არაფერია რუტინული, კონტროლი და შეფასებაც კი კლასის წარმატებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს რეალუ­რად შეუძლიათ დაინახაონ თავიანთი თავი არა მარტო გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ პერსპექტივაშიც.
ავტორები მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახის ღირებულებები: არას­ტანდარტული სწავლება, ინტერაქტიური გაკვეთილები, მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქ­მედებითი აზროვნების განვითარება/წარმოჩენა, ურთიერთზრუნვა, სწორი კომუნიკაცია და კიდევ ბევრი სხვა.

წიგნის “მე-მასწავლებელი, ავტორები ” მასწავლებლის პროფესიის იდუმალ, საინტერესო, რთულ და ჯადოსნურ ამბავზეა ეს წიგნი და პირველი მცდელობაა მასწავლებლებმა თავად ისაუბრონ პროფესიაზე, მათ გზაზე ამ პროფესიაში, ისაუბრონ მასწავლებლებზე, ვინც ცხოვრება გაუადვილა, შეუცვალა და მთავარი ღირებულებების შესახებ გაუმხილა.
„შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდ­ნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდ­გებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.

Tuesday, September 10, 2019

რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიურ ურთიერთობას – თანამშრომლობის 12 გზა

მოსწავლის განვითარებაში მასწავლებელი და მშობელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის მოზარდის მიღწევებს და მიისწრაფვის სკოლის გაუმჯობესებისკენ.  ამას მისსოურის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პედაგოგსა და მშობელს შორის დადებითი, ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს მოსწავლეების წარმატებას და როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ურთიერთობის დამყარება მასწავლებლის მიღწევაა, მასზეა დამოკიდებული როგორ ითანამშრომლებს  მოსწავლის მშობელთან.
მისსოურის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 100-ზე მეტი პედაგოგი მშობლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოების მისაღწევად სპეციალურ პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართეს. ასევე, ტრენინგებს მათ კლასის მენეჯმენტის საკითხებიც გაიარეს.

პედაგოგებმა შეისწავლეს,როგორ უნდა ითანამშრომლონ მშობლებთან იმ შემთხვევაშიც კი , თუ მათ ხშირად ვერ ნახულობენ. მკვლევრები კი მასწავლებლების  შესაძლებლობებს ერთი სასწავლო წლის მანძილზე ცდიდნენ, აკვირდებოდნენ მოსწავლეების პროგრესს და მშობლების ჩართულობას შვილების სწავლაში.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, როცა მაღალი იყო მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობის ხარისხი, მოსწავლეები იყვნენ ბევრად უფრო სოციალურები და ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება. ამასთან, მასწავლებელსა და მშობელს შორის კარგი ურთიერთობის შექმნა დიდწილად პედაგოგზეა დამოკიდებული. მას ევალება ამ კავშირის მართვა.
მასწავლებელსა და მშობელს შორის მჭიდრო ურთიერთობის შექმნის რამდენიმე გზა არსებობს:
1. ისწავლეთ მათი სახელები – საკუთარი სახელი ყველასთვის მნიშვნელოვანია და კარგი ურთიერთობის დამყარების პირველ ეტაპზე აუცილებელია, იცოდეთ თქვენი მოსწავლის მშობლის სახელი.
2. იყავით დაკვირვებული – სანამ გამოიყენებთ ფრაზას „თქვენი შვილი“ დარწმუნდით, რომ ის მართლაც შვილია. სანამ კარგად გაიცნობთ, ფრთხილად დაუსვით ღია კითხვები. გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ტიპის ოჯახი და მშობელი არსებობს – განქორწინებული, აყვანილი ბავშვით, დაუქორწინებელი, ქმრის შვილის აღმზრდელი…
3. გააკეთეთ განცხადება – უთხარით, რომ თქვენ მათთან თანამშრომლობა გსურთ და ყოველთვის მზად ხართ მითითებების მისაღებად.
4. ხშირი კომუნიკაცია – სასურველია, კვირაში ერთხელ გააცნოთ კლასის სიტუაცია. მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება მათი შვილის კლასში, ასე რომ , ნუ დაადებთ ტაბუს ამ საკითხს. თამამად ისაუბრეთ პრობლემებზე და შეეცადეთ, მათთან ერთად იპოვოთ გადაჭრის გზები.
5. აცნობეთ კარგი ახალი ამბავი – თუ ბავშვმა მაღალი ქულა დაიმსახურა, წინა ნიშანი გამოასწორა ან რომელიმე პედაგოგმა თქვენთან შეაქო, დაუყოვნებლივ აცნობეთ ეს მის მშობელს.

Thursday, September 5, 2019

ვის შეუძლია გახდეს ტუტორი და რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას?! - განათლების მინისტრის ბრძანება

ტუტორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამავდროულად ის უნდა ასწავლიდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს, საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის ტუტორის შესარჩევად მიმართავს ცენტრს.
ტუტორის ფუნქციებია:

  • დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში;
  • გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლობის მაძიებელს, გაუზიაროს მას პროფესიული გამოცდილება და მისცეს სათანადო რჩევები მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ხელი შეუწყოს მასწავლებლობის მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში;
  • დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს მის მიერ განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვაში და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელი დოკუმენტების შედგენაში;
  • დაესწროს და მასწავლებლობის მაძიებელთან ერთად გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილები ან სხვა პროფესიული საქმიანობის აქტივობები;
  • ითანამშრომლოს ცენტრის წარმომადგენელთან ტუტორის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში;
  • მონაწილეობას იღებს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასებაში.

Wednesday, June 12, 2019

2019 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი ქულების ოდენობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2019 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა განისაზღვრა.
2019 წელს, მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, აპლიკანტებმა ტესტირებაში საგნების მიხედვით კონკრეტული რაოდენობის ქულები, ან მათზე მეტი უნდა დააგროვონ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება დადასტურებულად პირის კომპეტენცია.
ჯამურად, აპლიკანტმა ქულათა 60% და მეტი უნდა დააგროვოს, რომ 10 კრედიტი მიიღოს და გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს. საგნებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კლასების მიხედვით კი სხვადასხვა რაოდენობის ქულებია განსაზღვრული.
მინიმალური ზღვარი საგნებისა და კლასების მიხედვით
ქართული ენისა და ლიტერატურის (მე–7 – მე–12 კლასები);  გეოგრაფიის  (მე–7 – მე–12) კლასები; ისტორიის (მე–7 – მე–12 კლასები); ბიოლოგიის  (მე–7 – მე–12 კლასები); ქიმიის (მე–7 – მე–12 კლასები); ფიზიკის  (მე–7 – მე–12) კლასები; მათემატიკის  (მე–7 – მე–12 კლასები); უცხოური ენების (1–ლი – მე–12 კლასები); სამოქალაქო განათლების (მე–7 – მე–12 კლასები); ქართულის, როგორც მეორე ენის (1–ლი – მე–12 კლასები); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (1–ლი – მე–9 კლასები); მუსიკის (1–ლი – მე–9 კლასები); სპორტის (1–ლი – მე–12 კლასები); ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6) კლასები; ქართული ენა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); მათემატიკის (დაწყებითი საფეხური 1–ლი – მე–6 კლასები); ქართული ენა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბინებისმეტყველების (1–ლი – მე–4 კლასები) საგნის გამოცდაში და ასევე, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი. კერძოდ:

Tuesday, June 11, 2019

რა შემთხვევებში მიენიჭება მასწავლებელს განსაკუთრებული სტატუსი განათლების მინისტრისგან

2019 წლის თებერვლის თვეში, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის მოხვდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მას განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია – მენტორის სტატუსი მიანიჭა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მინისტრი, მენტორის ან სხვა მაღალი საფეხურის სტატუსის მინიჭებას მომავალშიც შეძლებს და ეს კონკრეტული პრინციპისა და კრიტერიუმების საფუძველზე, განათლების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განხორციელდება. EDU.ARIS.GE-მ დეტალების გარკვევა შეძლო.
რა პროცედურების საფუძველზე ენიჭება პედაგოგს განსაკუთრებული სტატუსი:

Monday, June 10, 2019

როგორ დავწეროთ სასკოლო პროექტი



როგორც წესი, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მოსწავლეებს მიზნის მისაღწევად სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოკვლევა, პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება და ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღწეული შედეგების პრეზენტირება უწევთ. სასკოლო პროექტი კეთებით სწავლების შესანიშნავი საშუალებაა და მას  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიზნის მისაღწევად ან რაიმე ინიციატივის დანერგვისთვის იყენებენ. პროექტული სწავლების მეთოდის მთავარ პლიუსად დაგეგმვის პროცესში პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარება მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა გუნდური სამუშაო უფროა, მისი შესრულება ინდივიდუალურადაცაა შესაძლებელი, თუმცა ეს არ გამორიცხავს მიზნობრივი კომუნიკაციის (პროექტის ფასილიტატორთან თანამშრომლობა, მოკვლევის პროცესში ექპერტებთან გასაუბრება და სხვ.) საჭიროებას. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, ხშირად პროექტში რამდენიმე დისციპლინა ერთვება და ინტეგრირებულ სამუშაო პროცესს წარმართავს.

Sunday, June 9, 2019

ატესტატის გაცემის წესში ცვლილება შევიდა – როგორ იქცევა სკოლა ახალი წესით



„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში დაგეგმილი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პირველად ატესტატს ის პირებიც მიიღებენ ვინც გასულ წლებში ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ახალი ჩანაწერით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.
რა ვალდებულებები აქვს სკოლას და რა პროცესებია ატესტატის გაცემამდე:

ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსები – ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტ გაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით,  უკვე მეოთხედ,  აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის.
აღნიშნული კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი  და ამასთან ერთად, მასწავლებლის პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. წლევანდელი კონკურსის თემა ირაკლი კაკაბაძის სიტყვებია: “ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები, მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.”

როდესაც ბავშვს ვსჯით… პაატა ამონაშვილის #აზრები

როდესაც ბავშვებს ვსჯით, ამით მათში გაკრვეულ ნიშან-თვისებებს ვაყალიბებთ. რა პიროვნული ნიშან-თვისებები ყალიბდება დასჯით? ესაა თვისება, ბავშვს ჰქონდეს სურვილი, შემდგომში თვითონაც განსაჯოს, დასაჯოს სხვები, გადაწყვიტოს, ისინი კარგები არიან თუ ცუდები, შემდეგ რაიმე მოაკლოს, წაართვას მათ და სხვა დასაჯოს ამით, სხვას აწყენინოს. ბავშვებისა უმეტესობა მოვლენებს ისე არ აღიქვამს, როგორც ჩვენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დავსჯით და ისინი მიხვდებიან თავიანთ ცუდ საქციელს. როცა ბავშვი ისჯება, თავის ცუდ საქციელს კი არ ხვდება, იმას ხვდება, რომ მას ცუდად მოექცნენ, არ უყვართ და უსამართლობას განიცდის. ამ პროცესში ბავშვში ყალიბდება დამოკიდებულება, რომ არ იზრუნოს სხვებზე, ზიანი მიაყენოს სხვებს და უსამართლოდ მოექცეს. დასჯა ავტორიტარული პედაგოკის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

აღზრდის მეთოდებს მე უფრო ორ ნაწილად ვყოფ – ბავშვებისადმი ავტორიტარული და ჰუმანურ-პიროვნული დამოკიდებულება. განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის, შეგვიძლია, ნათლად გამოვკეთოთ – ავტორიტარული მიდგომის დროს ჩვენ ვეძებთ დასჯისა და წახალისების გარეგნულ მექანიზმებსა და ფორმებს. სკოლის შემთხვევაში ესაა ნიშნები, სხვა შემთხვევაში – გაღიზიანებით ლაპარაკი ბავშვთან, ბრძანება, მითითება, დაყვირება, კუთხეში დაყენება და სხვა გარეგნული გამოვლინებები. ავტორიტარული მიდგომის შემთხვევაში, ჩვენ ვახალისებთ ბავშვებს, ასევე, გარეგნული ხერხებით, თუ კარგად მოიქცა, საჩუქარი მივცეთ, რაც მათ სურთ, ის გავუკეთოთ, მივმართავთ წახალისების სხვადასხვა გარეგნულ ფორმას. ჰუმანურ-პიროვნული მიდგომის შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, არ გავემიჯნოთ ბავშვებს, ვეძებთ თანხმობას. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ფსიქოლოგიის პრინციპიც, რომელსაც ვუწოდებთ თანხმობის ფსიქოლოგიას. თანხმობის ფსიქოლოგიის იდეა ისაა, რომ ყველა შემთხვევაში ვეძებოთ ბავშვებთან შეთანხმების გზები, დავიყოლიოთ ისინი, მოვანდომოთ მათ ის, რაც მათთვისვეა სასარგებლო.

პაატა ამონაშვილი – ფსიქოლოგი
უნდა განვსაზღვროთ წახალისებაც – ერთია ავტორიტარული წახალისება იგივე გარეგნული ფორმით წახალისება – ბავშვს მივცეთ ან გავუკეთოთ ის, რაც მას სიამოვნებს, იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენ ვთხოვთ. ჰუმანური პედაგოკის ფარგლებში წახალისება ისეთი მიდგომაა, როცა ჩვენ გვახარებს ბავშვის საქციელი, ბავშვს ვაგრძნობინებთ, როგორ გვასიამოვნა, როგორ გაგვახარა, როგორი ბედნიერება მოგვანიჭა თავისი ქცევით. მე ეს წახალისება უფრო მომწონს.

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები ბიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში

3 ივნისს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ბუნებისმეტყველების საგნის საუკეთესო პედაგოგი ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის სკოლის მასწავლებელი იამზე ფანცულაია გახდა, ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის პედაგოგს, თეა ნონიკაშვილს ერგო.
თითოეულ გამარჯვებულს ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო * ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი, პლანშეტური კომპიუტერები და პროექტორი გადაეცათ.  გამარჯვებულებს პრიზები გადასცა გამომცემლობა „დიოგენემ“, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ორგანიზაცია „ეკოვიჟენმა“, National geographic-მა და თბილისის ზოოპარკმა.
ცენტრმა გამოავლინა „დამსახურებული მასწავლებელიც“, რომელიც ქარელის რაიონის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის პედაგოგი ზინა კალმახელიძე გახდა.
თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შერჩეული იქნა საუკეთესო კანდიდატები. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

Saturday, June 8, 2019

როგორ ვაქციოთ კითხვა სასიამოვნო აუცილებლობად




კითხვა სასიამოვნო აუცილებლობაა ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი წაკითხული წიგნი ახლის შემეცნებაა, მართალია იზრდება „მობილური“ თაობა, რომელთათვისაც ინტერენეტში მოძიებული მასალები უფრო მიმზიდველია, მაგრამ ეს წიგნს ვერ შეცვლის, „ვერ მოკლავს“ რაც არ უნდა შიშით ვუმზიროთ კომპიუტერს.
ხშირად ვამბობთ, მოზარდები არ კითხულობენ წიგნს, რაც თანამედროვე პრობლემაა. მომავალი თაობა ნაკლებად თუ ტკბება წიგნის ჯადოსნური სამყაროთი. ვის შეუძლია მოზარდებთან პრობლემაზე მუშაობის დაწყება?
მასწავლებელი მშობელთან ერთად ის კომპეტენტური პირია, რომელიც ცდილობს მოზარდი კარგ მკითხველად აღზარდოს.
კითხვა არ უნდა იყოს მოსაწყენი აუცილებლობა, ის სიამოვნებაა. წიგნიერი მშობელი და პედაგოგი მოსწავლისთვის მისაბაძი ხდება ლიტერატურის გაცნობისა და შეყვარების გზაზე. აუცილებელია აგრეთვე ნაწარმოები  სწორად შეირჩეს. მშობლები ფიქრობენ, დარდობენ და ამბობენ, რომ შვილები არ კითხულობენ! იქნებ წიგნი არასწორად შეირჩა? იქნებ მშობლის ან უფროსი თაობის მკითხველის გემოვნებასა და ბავშვობის მისწრაფებას თანამედროვე მოზარდის ინტერესი და გემოვნება არ ემთხვევა? წიგნი სწორად უნდა იქნეს შერჩეული მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით. საინტერესოა ამ კუთხით ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას”. 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი; რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, და რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
მთავარია, მოზარდის ცნობიერებაში გაიღვიძოს ინტერესმა და მოსწავლემ გამოიმუშაოს წიგნთან მუშაობის უნარები. ზოგიერთი მოსწავლისთვის თავდაპირველი დაინტერესებისათვის ასაკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია წიგნის ვიზუალური მხარე:
ა) შესაბამისი შრიფტის ზომის შერჩევა;
ბ) ილუსტრაციებით გამდიდრებული წიგნი და ა. შ.
პირველ რიგში ბავშვისთვის მშობელია ეტალონი, მისაბაძი. ის ხშირად მაგალითს მისგან იღებს, ამიტომ წიგნის კითხვის მაგალითიც, ვთვლი, რომ პირველ რიგში მშობლისგან უნდა აიღოს.

Friday, June 7, 2019

რთული ბავშვები VS მასწავლებელი – რომელი აჯობებს?!



კახა ჭაბაშვილი, ბლოგერი
ნებისმიერი ქვეყნისა თუ ქალაქის სკოლაში სწავლობენ სპეციალური კატეგორიის ბავშვები, რომელნიც გონებრივი განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან. ისინი ერთგვარად სასტიკნი არიან როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართ და მათ ძირითადად მიზანს ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება წარმოადგენს. საიდან ჩნდებიან ასეთი ბავშვები? პასუხი მარტივია – მათი არსებობა მათსავე ოჯახებს უკავშირდება.
თუმცა, აუცილებელი არაა, ასეთი მოზარდები ალკოჰოლიკების ოჯახის წევრები იყვნენ. ხშირად ამგვარი ბავშვების მშობლები ჩვეულებრივი ადამიანებიარიან, ეწევიან მძიმე ფიზიკურ თუ სხვა სახის სამუშაოს და შვილების ამგვარ ხასიათს ძალიანაც განიცდიან.
დაწყებით კლასებში მდგომარეობა კატასტროფული არაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები ცუდად იქცევიან და არც სასკოლო პროგრამის ათვისებით იკლავენ თავს. სწავლის უნარი მას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ აქვს განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც მან მეცადინეობაზე უნდა იაროს. მასწავლებელი უამრავი შრომისა და ნერვების ფასად, ცდილობს აიძულოს ამ მოსწავლეს საშინაო დავალების მომზადება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს და სასოწარკვეთილი ხანდახან თავად უწერს მას დავალებას.

Tuesday, June 4, 2019

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება

ინფორმაცია 2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ

2019 წლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაზე რეგისტრაციისას ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 27 მაისიდან  25 ივნისის 18:00 საათამდე

ქ. თბილისში - მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9; 
რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

Monday, June 3, 2019

როგორი კალმის გამოყენება შეუძლია აპლიკანტებს გამოცდებზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აბიტურიენტთა საყურადღებოდ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2019 წლის გამოცდებზეც უზრუნველყოფს თითოეულ აპლიკანტს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმით, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი კალამი – გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 – 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სხვა კალმით დაწერის შემთხვევაში, შესაძლებელია სკანერმა ტექსტი ვერ აღიქვას და პრობლემა შეექმნათ.

Wednesday, May 15, 2019

რა არის STEM განათლება და როგორ მივცეთ იგი ბავშვებს

რა არის STEM განათლება და როგორ მივცეთ ის ბავშვებს

ჩვენ გარშემო უამრავი ბავშვია, რომელიც აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ პროდუქტს – უყურებს ვიდეოებს YouTube-ზე, თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს. დიდი შანსია, რომ ქცევის მოდელები, რომლებიც ბავშვობისას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის მისაღებია, მისაღები გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ გარშემო არიან პასიური ბავშვები და ზრდასრულები. ჩვენ ვზრდით მათ სამომხმარებლო კულტურის ყველაზე სუსტ – დამოკიდებულ ნაწილად… ჩვენ ვზრდით შვილებს მომხმარებლებად.
ამ საკითხს სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ, ბავშვებს აქვთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ. ეს ძალიან საყურადღებო რამაა, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ბავშვის – თქვენი შვილის განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვისაც.

ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა კი, ამ კუთხით, ჯერ კიდევ, მხოლოდ მომხმარებლის პასიურ როლშია. წარსულის მსოფლიოსგან განსხვავებით, როცა ბუნებრივი რესურსები იყო გადამწყვეტი ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის, ახლა ინტელექტუალური რესურსი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების კუთხით, არის მთავარი პროდუქტი, რომლის შექმნაც დღეს ვინმეს სადმე შეუძლია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო, ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებლად იქცეს?

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია

რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. 

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: 

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; 
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს,  ასევე მათ, ვისაც  აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

5 რამ, რასაც ბავშვებთან არასწორად ვაკეთებთ – ის რაც ეხებათ მშობლებს, მასწავლებლებს და არამხოლოდ

თქვენ, ალბათ, ხშირად ეკითხებით მოსწავლეებს,  მათი ინტერესის სფეროების შესახებ და მათგან ინსპირაციის მიღებას მოელით, თუმცა ეს არასწორი კითხვაა და გასაკვირი არაა, რომ მათი პასუხები იმედებს გიცრუებთ. ხშირ შემთხვევაში კი, ასეთ კითხვებზე ბავშვებს საერთოდ არ აქვთ პასუხები.
კომუნიკაცია გარკვეულ პრინციპებს მოითხოვს და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ბავშვს ესაუბრებით თუ თქვენზე გაცილებით უფროსს.  კომუნიკაცია ორი ასპექტისგან შედგება. ესაა საუბრის პირობები და ფორმა.
საუბრის პირობები გულისხმობს პასუხებს შემდეგ კითხვებზე – რა საჭიროა ეს კომუნიკაცია, რა შედეგის მომტანია და ვის ეხება ის?
კომუნიკაციის ფორმა კი სასაუბრო ფორმას, ტონალობასა და სქემას მოიცავს.

Thursday, May 9, 2019

მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია მოკლევადიანი იქნება

2019 წელს დაგეგმილი მასწავლებელთა სასერტიფიკატო საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, რეგისტრაცია გასულ წლებთან შედარებით მოკლევადიანი იქნება და 20 მაისამდე გასტანს.
როგორც ცნობილია, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები მასწავლებლებსაც შეეხება, მათ შორის სამომავლოდ გამოცდების კუთხითაც. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს:
თუმცა, ამ დრომდე ველოდით მასწავლებლის სქემის სახეცვლილ დოკუმენტსაც, რომელსაც მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის თქმით, სახელიც შეეცვალა. იყო დაპირება, რომ ახალ დოკუმენტს საზოგადოებას და მედიას თებერვლის თვეში გააცნობდნენ, თუმცა ჯერ არც ეს განხორციელებულა, მსჯელობა მხოლოდ სკოლების დირექტორებთან გაიმართა. კონკრეტულ ცვლილებებსა და თარიღებზე აქამდე ცნობილი არაფერია.
როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ჩვენთან საუბარში ამბობდა, აპრილის თვეში მასწავლებლის სქემაში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტის განხილვები და ხედვების გაცვლა მიმდინარეობდა დარგის სპეციალისტებთან. პრეზენტაციას ახლა უკვე მაისის ბოლოსთვის გვპირდებიან.

Tuesday, April 30, 2019

როგორ მოვაწყოთ ბრეინშტორმინგი საკლასო ოთახში? – კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო სტრატეგია

ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს.

Tuesday, April 16, 2019

ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა



ლადო აფხაზავა


საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსში, რომლის მთავარი პრიზი ერთი მილიონი დოლარია.