Thursday, January 17, 2019

ხანდახან მასწავლებლებიც ტირიან


შენ, რომელმაც ახლა ეს სტატია გახსენი და კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით, რომ თუ კი მასწავლებელი ხარ და  ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება  სევდიანიც შეიძლება იყოს, ხან მხიარულიც, ხან უცნაურიც, ხან იდუმალიც, რომ ცხოვრება ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ. რომ დაცემის გარეშე ვერ ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.

ნუ დაუმალავ, იმას რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მტკივნეული მომენტები, როდესაც ჩვენთვის ცრემლები ყოველდღიურობის ნაწილი  ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანსაკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ.
მივდივართ  მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი ჩვენ გველოდებიან.
იმიტომ რომ ჩვენ მასწავლებლები ვართ.